|
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებას. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცდა „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი“.
აღნიშნული წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.“
საიას აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნია საქართველოს საკანონმდებლო მაცნის მოცემული უფლებამოსილების გამოყენება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების მიმართ. არც ერთ ორგანოს, გარდა პარლამენტისა, არ უნდა ჰქონდეს მის მიერ მიღებულ ტექსტში თუნდაც რედაქციული სახის შესწორების განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული გამომდინარეობს თავად პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებებიდან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უზრუნველყოფს რედაქციულად გამართული საკანონმდებლო აქტების მიღებას. უფრო მეტიც, კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა სწორედ რედაქციული სახის შეცდომების თავიდან აცილებას ემსახურება.
|